უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ბოლო თავდასხმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე "გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე" თავდასხმაა.
"რუსმა ტერორისტებმა მორიგ ჯერზე შეუტიეს პორტებს, მარცვლეულსა და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. მსოფლიომ ამას რეაგირება უნდა მისცეს", - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამზე.
2 იანვრის ღამეს უკრაინის საჰაერო ძალებმა 23 ირანული დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც ოდესაზე იყო მიმართული.
მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, რუსეთმა ოდესის რეგიონში პორტებისა და საპორტო ინფრასტრუქტურის დაბომბვა დაიწყო. უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია მსოფლიოში და რუსეთის მთავარი კონკურენტი მარცვლეულის ბაზარზე.
24 ივლისს რუსმა სამხედროებმა მდინარე დუნაიზე უკრაინის პორტებზე პირველი დარტყმები განახორციელეს, რასაც ექსპერტებმა უკრაინის მარცვლეულის ბლოკადის ესკალაცია უწოდეს.
იმ პირობებში, როდესაც უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის მიწოდება ფაქტობრივად შეუძლებელია, დუნაი ძირითად ალტერნატივად მიიჩნეოდა, რადგანაც სატვირთოებითა და რკინიგზით ექსპორტი მოლდოვისა და უკრაინის დასავლეთ საზღვრის გავლით პოლონელი ფერმერებისა და სხვა ქვეყნების უკმაყოფილებას იწვევდა.